“მივიღეთ გარანტიები, უკრაინა გადაცემულ შეიარაღებას, რუსეთში სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს” | 03.06.2022

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა მისთვის გადაცემულ შეიარაღებას, რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს”, – ამის შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. უწყების სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, შტატები აკეთებს ყველაფერს, რათა განამტკიცოს უკრაინის პოზიციები როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნედ პრაისის განცხადებით, შეერთებული შტატების საბოლოო მიზანი ომის დასრულებაა, თუმცა თუ უკრაინა დღეს ბრძოლას შეწყვეტს, ის, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებს.

“უკრაინას აქვს სრული უფლება, უპასუხოს რუსეთის აგრესიას. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის სამხედროები ახლა იმყოფებიან უკრაინის შიგნით, მათ სუვერენულ ტერიტორიაზე და ისინი იქ არიან სხვადასხვა ფორმით 2014 წლიდან, თუმცა ცხადია, უფრო ფართოდ 24 თებერვლიდან. ამიტომ, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, როგორც ეს ყველა ქვეყანას აქვს. მართალია ისიც, რომ მივიღეთ გარანტიები, რომ გუშინ გადაცემულ სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ.  ჩვენი საბოლოო მიზანი  ომის დასრულებაა, რომ ძალადობა შეწყდეს და დასრულდეს კონფლიქტი, რომლის წამოწყების საჭიროება არ არსებობდა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გავაძლიეროთ უკრაინელების პოზიციები, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. სწორედ ამიტომ ვაწვდით მათ სამხედრო დახმარებას და ვაწესებთ ახალ სანქციების, რომ რუსეთმა პასუხი აგოს. მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად ვიქცევით, რათუზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა ან საერთაშორისო საზოგადოების ქმედებებმა არ გაახანგრძლივოს ეს ომი. დღეს არსებობს ერთი ქვეყანა, რომელსაც ომის გაჭიანურება სურს და ეს რუსეთია. თუ უკრაინა შეაჩერებს ბრძოლას დღეს, მაშინ ხვალ სუვერენული უკრაინა არ იარსებებს. თუ რუსეთი შეაჩერებს ბრძოლას, მაშინ ომი არ იქნება,” – განაცხადა ნედ პრაისმა.