თუ საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ამით მხოლოდ რუსეთი გაიხარებს – ღარიბაშვილი | 03.06.2022

“თუ საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ამით მხოლოდ რუსეთი გაიხარებს” -განცხადება პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე  გააკეთა. პრემიერმა თქვა, რომ საქართველო 2012 წლიდან ამბიციურ რეფორმებს ატარებს ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით. გარდა ამისა, მან ილაპარაკა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. პრემიერი თვლის, რომ  ახლა ევროპის ჯერია და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ გამოიარა ომი 2008 წელს – ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინამ, ბევრად ადრე, ვიდრე ყირიმმა. ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გადავიხადეთ. ვინ გადაიხადა ეს ფასი? ქართველმა ხალხმა. 90-იან წლებშიც ორი ომი გვქონდა რუსეთთან, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ – დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ამიტომ, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფული არჩევანი. ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. სპეკულირება არ მინდა. რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრებს ვესაუბრებით ამის შესახებ. ევროპელ მეგობრებთან ვსაუბრობთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური, სტრატეგიული და თან მორალური გადაწყვეტილებაა. თან სიმბოლურია. ასე მაგალითად, რა გზავნილს ვუგზავნით რუსეთს?  კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას, რაზეც გეთანხმებით და მითქვამს კიდეც. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – ასეთი შეგულიანების, ასეთი მოტივაციის. აი, წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება ამ გადაწყვეტილებით გახარებული? მხოლოდ რუსეთი!” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერმა დისკუსიის მონაწილე პირების კითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა  ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაისვა.  აუდიტორიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ღარიბაშვილს ჰკითხა შეძლებს თუ არა ხელისუფლება წელს, პრაიდის კვირეულის ფარგლებში  ევროპულ ღირებულებების დაცვას.  პრემიერმა  აღნიშნა, რომ  ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები ევროკავშირის  წევრ ქვეყნებშიც არსებობს.