ევროკავშირისა და აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთს | 03.06.2022

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. სანქციების მეექვსე პაკეტის მთავარი პუნქტი – რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი და ნაწილობი აკრძალვაა. ევროკავშირის ქვეყნები 6 თვის განმავლობაში უარს იტყვიან ნედლ ნავთობზე და 8 თვემდე პერიოდში ნავთობპროდუქტებზე.  საუბარია საზღვაო გზით განხორციელებულ იმპორტზე. ამასთან, დროებით შეღავათს მიიღებენ ბულგარეთი და ხორვატია. რაც შეეხება მილსადენებით რუსული ნავთობის იმპორტს, დროებითი გამონაკლისი დაშვებულია ევროკავშირის წევრი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რუსეთზე განსაკუთრებულად დამოკიდებული არიან და ალტერნატივა არ გააჩნიათ.  ევროკავშირმა “სვიფტიდან” დამატებით 3 რუსული და ერთი ბელარუსული ფინანსური ინსტიტუტი გათიშა. ევროკავშირში შეჩერდება კიდევ 3 რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლობა. შავ სიაში შეიყვანენ დამატებით პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსი სამხედროების მიერ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეებზე, ასევე იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, წამყვან ბიზნესმენებს, ოლიგარქების ოჯახის წევრებსა და კრემლის ოფიციალურ პირებს, ასევე თავდაცვით კომპანიებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს.  სანქცირებულთა სიიდან ამოღებულია პატრიარქი კირილი. რუსეთის პატრიარქის სიიდან  ამოღებას უნგრეთი ითხოვდა.

ევროკავშირის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის ელიტის წარმომადგენლები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ხუთ რუს ოლიგარქსა და ელიტის წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მარია ზახაროვას და მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს. შტატებმა „შავ სიაში“ 71 რუსული და ბელარუსული საწარმოც დაამატა. მათ შორის, არის რამდენიმე საავიაციო ქარხანა. ასევე, გემთმშენებელი და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.