ამერიკულ დაზვერვას აქვს ინფორმაცია პუტინის ავადმყოფობის და მასზე თავდასხმის მცდელობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას, ამერიკული გამოცემა Newsweek-ი სამ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, სამივე იცნობს ამერიკული დაზვერვის საიდუმლო მოხსენებას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მაისში მომზადდა. ანგარიშის თანახმად, პუტინმა, სავარაუდოდ, პროგრესირებადი კიბოს გამო, აპრილში მკურნალობის კურსი გაიარა და საჯაროდ ამის შემდეგ გამოჩნდა, მასზე თავდასხმის მცდელობა კი, მარტში იყო. ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შეფასებით, პუტინის ძალაუფლება ძლიერია, თუმცა, უკვე აღარ არის აბსოლუტური, კრემლის შიგნით ბრძოლა ასეთი ინტენსიური არასდროს ყოფილა და ყველა გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა. Newsweek-ის წყაროთა თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი სულ უფრო ღრმად შედის ძალაუფლებასთან დაკავშირებულ პარანოიაში, რაც არაპროგნოზირებადს ხდის მის შემდგომ მოქმედებას უკრაინაში.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, Newsweek-მა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან მიიღო განცხადება, რომლის თანახმად, ცნობები, რომ ამერიკულ დაზვერვას მსგავსი შეფასებები აქვს და ამას პრეზიდენტიც გაეცნო, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, პუტინის მძიმე დაავადებისა და მასზე წარუმატებელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველომაც. ცნობებს ჭორები უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.