მიხეილ სააკაშვილის უარი მოსამართლეს – მესამე პრეზიდენტი ვერც კლინიკაში | 02.06.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც კლინიკაში შეძლებს  სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას. სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს ამიტომ მას წარმოუდგენლად მიჩნია რომ გასვლითი სხდომა “ვივამედის” კლინიკაში ჩატარდეს.  ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ გაავრცელა. როგორც ადვოკატი ამბობს, ექსპრეზიდენტის სურვილია რომ  სასამართლო პროცესებში მონაწილეობა მიიღოს და ასევე ისარგებლოს სიტყვის თქმის უფლებითაც. იმის გამო, რომ ბრალდებული პრეზიდენტი, სასამართლო პროცესს დღეს ისევ ვერ დაესწრო, სხდომა გადაიდო. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მხარეებს გასვლითი სხდომის გამართვა შესთავაზა.

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის,  დღევანდელი სასამართლო პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო.   პარალელურად მესამე პრეზიდენტის ექსპერტიზა ისევ  გრძელდება. კლინიკა ვივამედში  მიხეილ სააკაშვილთან,  დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დღესაც შედის.  სპეციალისტები  გუშინ 4 საათის განმავლობაში ეცნობოდნენ პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩატარებულ მკურნალობასა და ანალიზებს, რის შემდეგაც ერთხმად აღნიშნეს, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა კი მისი საზღვარგარეთ მკურნალობაა.