მივიწყებული ვირუსი გააქტიურდა – მიიღებს თუ არა მაიმუნის ყვავილი პანდემიის სახეს | 02.06.2022

დასტაბილურებული კოვიდპანდემიის ფონზე, მსოფლიო ქვეყნებში მივიწყებული ვირუსი გააქტიურდა. მიიღებს თუ არა მაიმუნის ყვავილი პანდემიის სახეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაავადებამ, რომლიც პირველად ჯერ კიდევ 1970 წელს,  კონგოს რესპუბლიკაში  დაფიქსირდა, მასშტაბური გავრცელება დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მაიმუნის ყვავილის სახელით ცნობილი ვირუსი  უკვე მსოფლიოს 20-ზე მეტ   ქვეყანაში გავრცელდა, საერთო ჯამში კი ინფიცირების 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანმოს ცნობით, დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების   შემთხვევებიც.

მაიმუნის ყვავილის სახელით ცნობილი ინფექცია  თავის, კუნთებისა და ზურგის ტკივილით იწყება, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურაც. დაავადების გართულებული ფორმა კი  სხეულზე წყლულოვანი გამონაყარით გამოიხატება. ჯანმოს  ცნობით,  მაიმუნის ყვავილის გავრცელება დაავადებულთან ფიზიკური კონტაქტით ხდება. ინფექცია 5 და 21 დღის განმავლობაში ვლინდება. სამკურნალოდ ყვავილის საწინააღმდეგო პრეპარატები გამოიყენება. განკურნებას კი ორიდან ოთხ კვირამდე სჭირდება. რაც შეეხება ვირუსისგან თავის დაცვას, ჯანმო ეფექტურ საშუალებად ნატურალური ყვავილის წინააღმდეგ აცრას ასახელებს.

მაიმუნის ყვავილი, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა საქართველოში, თუმცა ქვეყანამ მზადება უკვე დაიწყო.  დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვირუსის დიაგნოსტიკისთვის უკვე შეუკვთა პისიარ ტესტები, რომლებსაც ქვეყანა უახლოეს დღეეებში მიიღებს. მივიწყებული ვირუსის გააქტიურება ნაკლებად აშინებთ სპეციალისტებს. ამბობენ, რომ საფრთხე რეალურია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს. მათი თქმით, მააიმუნის ყვავილი მარტივად გადამდებ ვირუსებს არ მეუკუთვნება და შესაბამისად, შანსი იმისა რომ მან პანდემიის სახე მიიღოს ნაკლებად სავარაუდოა.