თბილისის გარდაცვლილი ვიცე-მერის, ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ. ილია ელოშვილი გარდაცვლილი საკუთარ სახლში გუშინ იპოვეს. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ილია ელოშვილი 47 წლის იყო. ის თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
“არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში არ არსებობდა. გასულ სამშაბათს, 31 მაისს, მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგ იგი გავიდა სამსახურში. ამას ადასტურებენ მისი კოლეგებიც და მეგობრებიც, ვისთანაც ილიას შეხება ჰქონდა სამშაბათს, უშუალოდ ტრაგედიის წინა დღეს გვიან საღამომდე და ვისთანაც ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები უშუალოდ გუშინ, ოთხშაბათს, 1 ივნისს, გარდაცვალების დღეს და მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში.ვფიქრობთ, რომ დაუშვებელი იყო, ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ, რამაც უშუალოდ ბიძგი მისცა ამ ვერსიის და ასგვარი ჭორის გავრცელებას. მივმართავთ ყველას თხოვნით, შეწყდეს სუიციდზე და ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საჯარო საუბრები სოციალურ ქსელებში თუ ტელეეთერებში, ვიდრე არ დასრულდება მიმდინარე გამოძიება და არ დაიდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა. ესაა ჩვენი ოჯახის უმორჩილესი სათხოვარია და ყველა კეთილგონიერი ადამიანი, იმედია, ამას გაითვალისწინებს,” – ილია ელოშვილის ოჯახის განცხადება.