ბორჯომის ორი ჩამოსასხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელმა დილის 6 საათიდან უვადო გაფიცვა გამოაცხადა | 31.05.2022

“ბორჯომის” ორი ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელმა  დილის 06:00 საათიდან უვადო გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცულთა ნაწილი ახლაც ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მოთხოვდა,  უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში აღდგენა, ხელფასების 25%-ით მომატება, ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა და კოლექტიური შეთანხმების გაფორმებაა.  როგორც „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი ამბობს,  არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი, არარეალური მოთხოვნაა  და მიზანმიმართულად აზიანებს  წარმოების პროცესს.

კომპანია “ბორჯომს” პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი მფლობელი, რუსი მილიარდერი- მიხაილ ფრიდმანი- საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვდა.  ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო.  19 მაისს „ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა. 21 მაისს კი  პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ კომპანია “ბორჯომის” წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ.