“გვინდა, საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ” – ასე დაასრულა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სახელწოდებით „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“. კარლ ჰარცელმა დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახლა საქართველო დგას. ელჩმა აღნიშნა, რომ მთავარია, საქართველომ სერიოზულად იმუშაოს და გააკეთოს ყველაფერი რაც ევროკავშირის წევრობისთვისაა საჭირო. კონფერენციაზე ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა.
კონფერენციას საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოლოდინი იყო, რომ შეხვედრას მმართველი პარტიის წევრებიც დაესწრებოდნენ, თუმცა ხელისუფლების არცერთ წევრი ღონისძიებაზე არ მისულა. ექსპერტები და არასამართავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა უსაფრთხოების სრულიად ახალი სისტემებისთვის გახსნა კარი, რაც ინტეგრაციისა და თანამშრომლობის განსხვავებულ ხედვასა და შესაძლებლობებს მოიცავს. საქართველო კი რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლია, ამ ახალი რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის ცენტრშია. მათ ასევე ევროკავშირის ელჩის გამოსვლას კრიტიკული და ყოვლისმომცველი უწოდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმებიან, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ერთიანობა აუცილებელია.