შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას – კითხვა პრეზიდენტმა დღეს უპასუხოდ დატოვა. ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხს ევროკავშირში აუცილებლად დააკვირდებიან, როგორც სამართლებრივს პროცესს, ასევე, გავლენას მედია პლურალიზმზე.
“მე ამ თემაზე არ გავაკეთებ იმაზე მეტ კომენტარს, რაც რამდენიმე დღის წინ ვთქვი. მე ისევ იმავე პოზიციაზე ვარ და ეს ის საკითხია, რომელსაც აუცილებლად დავაკვირდებით და აქ ვგულისხმობ როგორც სამართლებრივ პროცესს, ასევე, გავლენას მედია პლურალიზმზე. როგორც იცით, ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე და მთავარი არის ღირებულებები. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ღირებულებებს, როდესაც ახალ ქვეყანას შემოაქვს წევრობაზე განაცხადი. საუბარია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ფუნდამენტურ უფლებებსა და რა თქმა უნდა კანონის უზენაესობაზე,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.