104 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან | 26.05.2022

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 104 წელი გავიდა.  1918 წელს, ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.  26 მაისის მთავარი ღონისძიება წელსაც, ტრადიციულად, დედაქალაქის მთავარ მოედანზე აღინიშნა,  ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება რეგიონებშიც გაიმართა. ოფიციალური ცერემონიალი დილის 12:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მსვლელობით დაიწყო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართა წვევამდელების ფიცის დადება.  რეკრუტთა პიარდმა შემადგენლობამ სამშობლოსა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს ფიცი, რითაც ოფიციალურად შეუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს.  თბილისის გარდა, წვევამდელებმა ფიცი დადეს ქვემო ქართლში, დმანისის ნაქალაქართან; ასევე კახეთში, ჩოლოყაშვილთა საგვარეულო ციხეში; ხევსურეთში, გუდანის ჯვართან; გურიაში, შემოქმედის ტაძართან; ფოთში.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენის და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინის გამო, წელს დამოუკიდებლობის დღის სლოგანია: „ევროპისკენ“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წელს პირველად გაჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი.

თავისუფლების მოედანზე დელტას ბაზაზე წარმოებული და პარტნიორების მიერ გადმოცემული შეიარაღებაა წარმოდგენილი. “დიდგორის” რამდენიმე მოდიფიკაციის ჯავშანმანქანა, საარტილერიო დანადგარები, მათ შორის ჰაუბიცები. ღონისძიების დასასრულს ცაზე ავიაციამ ევროკავშირის დროშებით გადაიფრინა.