საქართველო დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისგან იღებს | 26.05.2022

საქართველო დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისგან იღებს. ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის და სხვა ქვეყნების პირველი პირები ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობს და მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ბაიდენის მიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.

„ქართველ ხალხს მთელი სიღრმით ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი“ – ასე მიმართავს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ქართველ ერს.

“ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს ღრმად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და აყვავებული მომავლის ასაშენებლად,” – ენტონი ბლინკენის მოლოცვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი მისალოცი წერილი სალომე ზურაბიშვილს მიწერა. წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომის დროს, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა. მაკრონის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს. ვრცელ წერილში პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არცერთ ფსევდო-რეფერენდუმს არ აღიარებს.

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად გისურვოთ თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ბედნიერება, კეთილდღეობა და მშვიდობა. თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი შეიგრძნობს რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს. ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს. მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არცერთ ფსევდო-რეფერენდუმს,” – ემანუელ მაკრონის მოლოცვა.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ,” – წერია დედოფალ ელისაბედის მილოცვაში.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა დამოუკიდებლობის დღის მილოცვის წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს გაუგზავნა და უკრაინაში ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

მილოცვებს უერთდება თურქეთიც.  პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, თურქეთი და საქართველო, ისევე, როგორც ახლა, მომავალშიც შეიტანენ თავის წვლილს რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების საქმეში. საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც.

საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირის ელჩიც ულოცავს. კარლ ჰარცელი მილოცვაში საქართველოს განაცხადზე საუბრობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას. განცხადება გაავრცელა ამერიკის საელჩომაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად, ქართველმა ხალხმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა შეინარჩუნა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. საქართველოს დროშის ფერებით განათდა ევროპის საბჭოს შენობა სტრასბურგში. წითელ და თეთრ ფერებში განათდა ისტორიული ობიექტები ლიეტუვაში. 26 მაისთან დაკავშირებით ბრიუსელის მთავარ სიმბოლოს ჩოხა ჩააცვეს. მთელი დღის განმავლობაში, ბელგიის დედაქალაქში, “მანეკენ პისთან” სამახსოვრო ფოტო უამრავმა ადამიანმა გადაიღო. “მანეკენ პისი” ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა აზერბაიჯანში. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ჰიმნი  აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელამ შეასრულა.