სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნას ხელისუფლება ისევ უარით პასუხობს | 25.05.2022

ხანგრძლივი უარის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები შევლენ. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.  საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ესწრებოდა “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანიც.  ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის პროცესი დღეს ისევ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩატარდა.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ 400-ს გვერდიანი დოკუმენტი ექიმებს უკვე გადაეცა — რა წერია დასკვნაში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაირკვევა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დღეს ევროკავშირის ელჩის მოადგილეს მიაწოდა ექსპრეზიდენტის დედამ. შეხვედრიდან გიული ალასანია პოზიტიური მოლოდინით გამოვიდა და თქვა, რომ  დასავლელმა პარტნიორებმა კარგად იციან სააკაშვილის საქმე და ინფორმაცია მისი გართულებული ჯანმრთელობის შესახებაც აქვთ. მესამე პრეზიდენტის ოჯახის მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილი კვირაზე მეტია კლინიკა “ვივა მედში” მკურნალობს.  ალტერნატიული კონსილიუმის წევრები თანხმდებიან, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა დაცული იქნება და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები