“საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ნაადრევია” | 21.05.2022

საქართველოსთვის ევროკავშირში  გაწევრიანების პროცესის დაწყება ნაადრევია.  ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრი ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის შესახებ ანალიტიკურ სტატიას  აქვეყნებს. სტატიის ავტორები, მაიკლ ემერსონი და სტივენ ბლოკმანსი კრიტიკულად აფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას და მას პარადოქსს უწოდებენ. მათ მიაჩნიათ, რომ განაცხადის გაკეთება “სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკაა”. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ 2018 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილის საბანკო დავალიანებების დაფარვით, ივანიშვილი საარჩევნო ხმების მოსყიდვაზეა პასუხისმგებელი. ამასთან, ნახსენებია 2020 წელს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება. ავტორების შეფასებით, ეს პოლიტიკური კრიზისი შერბილდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ხელმოწერილის დოკუმენტის შემდეგ, თუმცა ევროკავშირი “შეძრწუნებული და გაოგნებული” იყო იმით, რომ მმართველმა პარტიამ შეთანხმება დატოვა. სტატიაში საუბარია ნიკა გვარამიას საქმეზეც.

“მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირის წევრობაზე ისტორიული განაცხადის გაკეთებას უნდა მოჰყოლოდა სიგნალები იმის შესახებ, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს განზრახული პოლიტიკური და სასამართლო სისტემის რეფორმა ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამის ნაცვლად ერთადერთი შესამჩნევი სიახლე გვარამიას საქმეა, რომელიც პროვოკაციული აქტადაც გვევლინება, რომელიც მიუთითებს ხელისუფლების აშკარა მიდრეკილებაზე, გახდეს პრობლემური წევრი სახელმწიფო. ძნელად წარმოსადგენია, რა იქნებოდა ამ ეტაპზე უფრო დამაზიანებელი ნაბიჯი. გარე დამკვირვებლისთვის ძნელი წარმოსადგენია, რა ჩანაფიქრი აქვთ მთავრობას და ბატონ ივანიშვილს. წევრობის განაცხადი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რომელიც მიმართულია იმისთვის, რათა დააკმაყოფილოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს. ამავე დროს ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, არ არის დაინტერესებული გაწევრიანების პროცესის წარმატებით და ისე მოქმედებს, რომ დააჩქაროს მისი წარუმატებლობა. ამ პირობებში, ევროკომისიას შეუძლია აღიაროს საქართველოს პერსპექტივები ევროპული ოჯახის წევრობაზე. მაგრამ ნაადრევი იქნებოდა გაწევრიანების ოფიციალური პროცესის დაწყების შეთავაზება. ამისთვის უნდა დაველოდოთ ახალ და უფრო ხელსაყრელ პოლიტიკურ გარემოს საქართველოში, რომელიც ხასიათანდება ჭეშმარიტად დემოკრატიული კულტურითა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რომელსაც მოსახლეობა პატივს სცემს,” –  ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის განცხადება.