სანქცია მოსამართლეს, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა | 21.05.2022

მოსამართლე,რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა. ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის  საელჩოს დაფინანსებით, ფლორიდაში უნდა წასულიყო და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგში მიეღო მონაწილეობა, თუმცა მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა. მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესების საკითხი ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ  დასვეს. ამ ეტაპზე უცნობია,არის თუ არა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის მიზეზი ეს თხოვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე  უვადოდაა გამწესებული. მისი სახელი რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ნიკა გვარამიას გარდა, ლაშა ჩხიკვაძემ უგულავას, კეზერაშვილის, ახალაიას  და ოქრუაშვილის საქმეები განიხილა.  მოსამართლესთან დაკავშირებით კითხვები უკვე დიდიხანია არსებობს.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა  გვარამია დამნაშავედ ცნობილი იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში , რომელიც “პორშესა” და ტელეკომპანია რუსთავი 2 ში-  6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. მთავარი არხის დამფუძნებელი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.