ე.წ შვიდი ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო კლინიკა “ვივამედიდან” ცნობა, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პატიმარი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. ასევე, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი, რომელშიც სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო. პროცესის დაწყებამდე მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივამედში მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. შესაბამისად, უცვლელი რჩება მოთხოვნა- ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანასთან დაკავშირებით.
იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში” გამოკვლევებზე გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა. მანამდე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მწვავე დასკვნა 27 აპრილს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა გაასაჯაროვა. ექიმების შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ფონზე მას ანორექსია განუვითარდა. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ვერ ამბობენ, აუცილებელია თუ არა სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ოჯახის მთავარ მოთხოვნად მსჯავრდებულ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა რჩება. ხელისუფლების განცხადებებით კი ნათელია, რომ ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანა არ იგეგმება და მისი მკურნალობა საქართველოში მოხდება.