ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი მხარდაჭერა უკრაინას | 20.05.2022

ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი მხარდაჭერა უკრაინას – 86 მომხრე 11-ის წინააღმდეგ, შტატების სენატმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ზედა პალატაში, უკრაინის დახმარებას მხარი ყველა დემოკრატმა დაუჭირა. კანონპროექტის  წინააღმდეგ მიცემული 11-ივე ხმა კი რესპუბლიკური პარტიის წევრებს ეკუთვნოდათ. მათ შორის იყო რენდ პოლი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება ჩააგდო. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბაიდენს გაეგზავნა. დახმარება  20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას მოიცავს, რომელიც, სავარაუდოდ, ითვალისწინებს მოწინავე იარაღის სისტემების გადაცემას, როგორიცაა საზენიტო რაკეტები და შორი დისტანციის არტილერია. კანონპროექტში ასევე შედის 8 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის ზოგადი ეკონომიკური მხარდაჭერა, თითქმის 5 მილიარდი დოლარის გლობალური სასურსათო დახმარება უკრაინის სოფლის მეურნეობის კოლაფსის შედეგად გამოწვეული საკვების პოტენციური დეფიციტის მოსაგვარებლად და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ერთობლივი მხარდაჭერა ლტოლვილებისთვის.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა გამოუყო. უკრაინა საარტილერიო დანადგარებს, რადარებს და სხვა ტექნიკას მიიღებს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები ბრძოლის ველზე უკვე იყენებენ. ეს უკვე მეათე შემთხვევაა, როცა ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად პრეზიდენტის საგანგებო უფლება გამოიყენა და შტატების მარაგებიდან იარაღი ქვეყანას კონგრესის ნებართვის გარეშე გადასცა. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განმარტა, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამ კონტრსააარტილერიო რადარს და 18 ჰაუბიცს, ასევე მათი გადაადგილების საშუალებებს. ეს იარაღი უკრაინაში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან დაუყოვნებლივ გაიგზავნება.

სამხედრო აღჭურვილობის გარდა, შტატები უკრაინას სასურსათო დახმარებასაც გაუწევს. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინა ამერიკისგან 215 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ გადაუდებელ სასურსათო დახმარებას გაუწევს. ამერიკა რუსეთს სურსათის იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს. ბლინკენის თქმით, მსოფლიო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება, რომელიც ამ გზით უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვას ცდილობს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამ კრიზისის გადასაჭრელად პასუხისმგებლობა გაერომ უნდა იტვირთოს. მან მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს, რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ.