რაზე ისაუბრა ოპოზიციმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ, დერეკ შოლესთან შეხვედრაზე | 19.05.2022

პოლიტიკური მართლმსაჯულება, სიტყვის თავისუფლება და საერთაშორისო გამოწვევების ფონზე, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობა – სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ოპოზიციამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ, დერეკ შოლესთან შეხვედრაზე. ოპოზიციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ  „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა  პუტინის რუსეთისკენ მიჰყავს და ამ ვითარებაში, საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური და მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე.

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ინფორმაცია  ენტონი ბლინკენის მრჩეველს  დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიაწოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანის ოფიციალური ვიზიტი დღეს სწორედ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრით დაიწყო. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დერეკ შოლეს  პირდაპირ უთხრეს, რომ ხელისუფლება და სასამართლო შეთანხმებულად მოქმედებენ და სასამართლოს „ქართული ოცნება“ ოპონენტებთან ბრძოლის პროცესში მთავარ იარაღად იყენებს. ამის ერთ-ერთ მაგალითად კი შეხვედრაზე  „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმე დასახელდა.

დერეკ შოლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმის, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ეკონომიკურ განვითარებას. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებაც. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურთან შეხვედრის დეტალებზე ინფორმაცია, ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა. მედიასთან კომენტარი მთავრობის ადმინისტრაციაში არ გაკეთებულა.