რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას, უკვე საკუთარი ავტომობილებითაც შეძლებენ. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ავტომობილით საქართველოში მოგზაურობის შესახებ, უქმდება. ამავე ბრძანებით მსგავსი შეზღუდვები მოიხსნა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკისთვისაც, რომელთაც რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. რუსეთმა მსგავსი შეზღუდვები უკვე გაუუქმა ჩინეთის, მონღოლეთის, ყაზახეთისა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შემთხვევაშიც. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეები დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების და პუტინის რეჟიმის რეპრესიების თავიდან ასარიდებლად მიემგზავრებიან. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში – 2022 წლის მარტში, საქართველოში რუსეთის 45 068 მოქალაქე შემოვიდა.