ნატო-ს გენერალური მდივანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას. შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ნატო-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერმა კი გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის.