პატიმრობის მეორე დღე – ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში მნახველებს იღებს | 17.05.2022

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში “მთავარი არხის” დაკავებული დირექტორი  მნახველებს იღებს. ნიკა გვარამიასთან იმყოფებოდა  პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია. მისი ინფორმაციით, პატიმარი მედიამენეჯერი  თავს მხნედ გრძნობს. საპატიმროდან  გვარამიას მთავარი გზავნილია- თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის დაკავებას ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში. დიეგო კოლასი ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამოიწვევს კითხვებს. მისი თქმით, ერთ-ერთი კითხვა იქნება რატომ არიან საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ციხეში.

“პირადად კომენტარს არ გავაკეთებ სასამართლოს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად გამოიწვევს შეკითხვებს. ფუნდამენტური საკითხი და ფუნდამენტური პრინციპია სიტყვის თავისუფლება, ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკა კანონზე მაღლა დგას, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ როდესაც არის სამართლებრივი დევნა და საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს, რომ თავიდან იქნას აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. არის თუ არა ეს სწორედ ის შემთხვევა, ეს არის კითხვა, რომელსაც საზოგადოება დასვამს. ისინი იკითხავენ, არსებობს თუ არა სიტყვის თავისუფლების სრული დაცვა საქართველოში, თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა. კიდევ ერთი შეკითხვა იქნება რატომ არიან ასე მრავლად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ციხეში საქართველოში. მე არ მაქვს პასუხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკითხვები იქნება,” – განაცხადა დიეგო კოლასიმ.

“მთავარი არხის” დამფუძნებელი  გუშინ  მოსამართლემ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი გადააკვალიფიცირა და  საჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განუსაზღვრა. გვარამია დამნაშავედ ცნობილი იქნა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ნაწილში , რომელიც “პორშესა” და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში  6 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა. მთავარი არხის დამფუძნებელი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები