ვინ არის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა | 16.05.2022

ვინ არის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომლის სახელსაც რამდენიმე გახმაურებული საქმე უკავშირდება და რომელმაც დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე  უვადოდაა გამწესებული.  დღეს, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა და „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა მოსამართლე მიკერძოებაში დაადანაშაულეს. 2021 წლის 15 დეკემბრის სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ მოსამართლის აცილება მოითხოვა. მიზეზად მასსა და „რუსთავი 2-ის“ საქმის ერთ-ერთი მოწმის, ზაზა გველესიანის მეგობრობა დაასახელა. გველესიანთან მეგობრობა მოსამართლე ჩხიკვაძემ არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ  მეგობრობას თავისი ფორმატი აქვს და ეს არ  ნიშნავს იმას, რომ საქმეზე ვინმეს ესაუბრება. მაშინ მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კიდევ ერთი გახმაურებული პროცესი, რომელსაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე უძღვებოდა,  გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის ბრალდება იყო „თბილსერვის ჯგუფის“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე. 2015 წელს სასამართლომ უგულავა „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავას საბოლოო ჯამში, ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რაც შეეხება „ახალი რიყის“ და „იმედის“ მისაკუთრების“ ეპიზოდს, სასამართლომ უგულავა აღნიშნულ ნაწილში დავით კეზერაშვილთან ერთად გაამართლა. გიგი უგულავასთვის განაჩენის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე, საკონსტიტუციომ სასამართლომ სარჩელი სახელწოდებით  „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო. ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას შემდეგ რაც ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლედ დაინიშნა, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოსამართლემ მისი დაკავების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის ბრძანების შემდეგ მიიღო.

2013 წლის 28 ოქტომბერს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ბაჩო ახალია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე დამნაშავედ სცნო არაადამიანური მოპყრობის მუხლით, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების ნაწილში გაამართლა. ბაჩო ახალაიას საქმეების განმხილველი მოსამართლეების დანიშვნის გარემოებები მაშინ “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” შეისწავლა და დაადგინა, რომ სამივე სისხლის სამართლის საქმის მოსამართლეები ერთსა და იმავე დღეს, 2013 წლის 6 თებერვალს, იყვნენ გადმოყვანილნი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა სასამართლოებიდან. ორგანიზაციას მაშინ ასეთი ე.წ დამთხვევების გამო პროცესის ობიექტურობაზე კითხვები გაუჩნდა.

“ეჰ ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი” – ასე ეხმაურება ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენს ირაკლი ოქრუაშვილი. სწორედ ჩხიკვაძეა ის მოსამართლე, რომელიც ოქრუაშვილის საქმესაც განიხილავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ ლაშა ჩხიკვაძემ, რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაიში კაცი მოკლა, ხელისუფლებამ კი ეს საქმე ჩაუფარცხა და ახლა ამ ფაქტით აშანტაჟებს. საუბარია, 2015 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევაში სულ 6 ავტომანქანა მონაწილეობდა, საიდანაც ერთ-ერთს სწორედ ჩხიკვაძე მართავდა. პროკურატურამ გამოძიება 2015 წლის იანვარში დაიწყო და მოულოდნელად, მაისში შეწყვიტა, იმ მოტივით, რომ ვერაფერი დაადგინა. გაჩნდა მოსაზრება, რომ საქმე სწორედ ჩხიკვაძის დასაშანტაჟებლად შეწყვიტეს. პარალელურად, ჩხიკვაძეა ის, ვინც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე განიხილა.