დიპლომატების შეხვედრა გერმანიაში – მიწვეულებს შორის საქრთველო არ აღმოჩნდა | 13.05.2022

მეტი სანქციები, მეტი სამხედრო დახმარება – დიდი შვიდეული უკრაინის მხარდასაჭერად 30 მილიარდ ევროს გამოყოფს. წევრი ქვეყნები მხარდამჭერი ბიუჯეტის ინიციირებას მომავალ კვირაში აპირებენ. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ უკრაინას თვეში 5 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა იფუნქციონიროს. კერძოდ, თავად უკრაინის ხელისუფლების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ ეს თანხა მთავრობას ხელფასების, პენსიების და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებისთვის სჭირდება.  დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო მინისტრები გერმანიის ქალაქ ვაისენჰაუსში, სხვადასხვა საკითხზე დისკუსიისთვის შეიკრიბნენ. განსახილველი თემების ძირითადი ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას, მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის საკვებსა და ენერგოუსაფრთხოებას შეეხება. შეხვედრაზე  უკრაინისა და მოლდოვის საგარეო მინისტრებიც დმიტრო კულება და ნიკუ პოპესკუ მიიწვიეს. მიწვეულ წევრებს შორის არ აღმოჩნდა საქართველო. შეხვედრებში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს ინდონეზიის საგარეო მინისტრიც, რადგან დიდი ოცეულის შემდეგი სამიტი წელს სწორედ ინდონეზიაში იმართება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ორშაბათამდე მიაღწევენ. ამის შესახებ კულებამ გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. კულებამ ევროპაში სანქციების მეექვსე პაკეტში ენერგორესურსებზე ემბარგოს შეყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებს „ევროკავშირის დრამა“ უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სანქციების ეფექტურობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი მუშაობს, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ბრიტანეთმა ახალი შეზღუდვების  დაწესება მოითხოვა. საგარეო მინისტრმა, ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში და ეს უნდა იყოს ერთგვარი პრევენცია იმისთვის, რომ  კრემლმა ვეღარ შეძლოს ამგვარი ქმედებების განხორციელება კიდევ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. საფრანგეთის საგარეო მინისტრი კი ამბობს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ მსოფლიო სურსათის კრიზისს იწვევს  და მსოფლიოს ქვეყნებმა ამ ყველაფრის შესაჩერებლად მთელი ძალისხმევა უნდა გამოიყენონ.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ  ევროკავშირი დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა. ჟოზეფ ბორელის თქმით, გამოყოფილი თანხა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების შეძენას მოხმარდება, როგორიცაა ტანკები და არტილერია.  ბორელმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ ზეწოლა მოსკოვზე, დააწესონ ახალი სანქციები, შეეცადონ მოახდინონ რუსეთის ფედერაციის იზოლირება მსოფლიო ასპარეზზე და შექმნან ერთიანი ფრონტი უკრაინის მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი რუსული ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოს შემოღების პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაზეც ეკონომიკური ბლოკის ქვეყნები შესაძლოა, უახლოეს დღეებში შეთანხმდნენ. გუშინ, ბრიუსელში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია.

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სამ დღიანია. ორშაბათს კი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან. საუბრის მთავარი თემა ისევ უკრაინა და სანქციების მეექვსე პაკეტი იქნება. შეხვედრას დაესწრება დმიტრო კულება.