„გადაყვანა სპეკულაციაა, სააკაშვილმა, კეთილი უნდა ინებოს და სასჯელი ბოლომდე საქართველოში მოიხადოს“ | 13.05.2022

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტსა და ქვეყანას,” – ასე ეხმაურება  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ ვინმე დაადასტურებს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა იყოს მიღებული.

მიხეილ სააკაშვილი მეორე დღეა კლინიკა “ვივა მედში” იმყოფება.   კლინიკის მიმდებარე ტერიტორია ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.  დღეს ექსპრეზიდენტთან შეხვედრას მისი პირადი ექიმი ცდილობდა, თუმცა ნიკოლოზ ყიფშიძეს ამის საშუალება არ მიეცა.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა. მანამდე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მწვავე დასკვნა  27 აპრილს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა გაასაჯაროვა. ექიმების შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ფონზე  მას ანორექსია განუვითარდა.  სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ვერ ამბობენ, აუცილებელია თუ არა სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.  ოჯახის მთავარ მოთხოვნად მსჯავრდებულ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა რჩება. ხელისუფლების განცხადებებით კი ნათელია, რომ ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანა  არ იგეგმება და მისი მკურნალობა საქართველოში მოხდება.