გუშინ 3-ჯერ დავეციო, დღეს რაც ვნახე, უბრალოდ შემეშინდა, თეთრი იყო – ალასანია სააკაშვილზე | 12.05.2022

“დღეს, რაც ვნახე უბრალოდ შემეშინდა” – ასეთი შთაბეჭდილებით დატოვა გიული ალასანიამ ვივა მედის კლინიკა, სადაც მან დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ალასანიას შეფასებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორ დღეში კიდევ გაუარესდა. რაც შეეხება კლინიკაში არსებულ პირობებს, გიული ალასანია ამბობს, რომ პირობები კარგია და გორის ჰოსპიტალს არც შეადარებს. მისი თქმით, მსჯავრდებულის  მკურნალობა საქართველოში იმ დიაგნოზებით, რაც მას აქვს, შეუძლებელია. ამიტომ ოჯახისთვის დღის წესრიგში კვლავ დგას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა კი 27 აპრილს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა გაასაჯაროვა. დასკვნით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება, რაც, სავარაუდოდ,  რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიითაა გამოწვეული, რამაც ანორექსიის განვითარება გამოიწვია. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ვერ ამბობენ, აუცილებელია თუ არა სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ხელისუფლების განცხადებებით კი ნათელია, რომ ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანა  არ იგეგმება და მისი მკურნალობა საქართველოში მოხდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები