სააკაშვილი დღეს არ არის იმ მდგომარეობაში,რომ პირობებს აყენებდეს – “ქართული ოცნება” | 11.05.2022

მთავრობა  მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ისარგებლოს სამედიცინო შეთავაზებით დათქმების გარეშე.მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა გარკვებული  პირობები დაასახელა, რა შემთხვევაშიც კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადავა- იუსტიციის სამინისტრომ პატიმარს განცხადებით უპასუხა. უწყების მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სააკაშვილთან მნახველების დაშვება უზრუნველყოფილი იქნება კანონმდებლობის და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებს შესაბამისად.

იუსტიციის სამინისტროს შეთავაზების შემდეგ- სააკაშვილმა გუშინ თქვა, რომ კლინიკა ვივამედში გადაყვანას იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ მისი ოჯახის წევრებს,პირად ექიმს და ცენტრი ემპათიის წარმომადგენლებს მასთან შესვლის უფლება ექნებათ. ასევე, თუ მასთან შესვლას სამუშაო საათებში შეძლებენ ადვოკატები და პარლამენტის წევრები. სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია მკურნალობის სტრატეგიის დადგენაში ჩართულები იყვნენ ემპათიისა და სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები.  იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის განცხადება ადვოკატებმა უკვე   ჩააბარეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მწვავე დასკვნა 27 აპრილს გაასაჯაროვა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა. თქვეს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. ექიმების შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ფონზე  მას ანორექსია განუვითარდა.  ექიმები ამბობენ, რომ ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ვერ ამბობენ, აუცილებელია თუ არა სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს.   სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს,რომ თუკი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის ე.წ. კონსილიუმის მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს- ნინო ლომჯარიას აპარატი მზად არის საკითხი  ზეპირ ფორმატში განიხილონ. გიორგი ბურჯანაძე ამბობს იმასაც,რომ მესამე პრეზიდენტს კონკრეტული სამედიცინო დახმარების მიღება ესაჭიროება.

რა ფორმით გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას ცნობილი სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გახდება. ხელსიუფლების განცხადებებით ნათელია, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანა  არ იგეგმება და პატიმრის მკურნალობა საქართველოში მოხდება.