ნიკა გვარამიას ბოლო სიტყვა სასამართლოზე – მიმართვა ოჯახს, საზოგადოებას და ივანიშვილს | 11.05.2022

ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.  გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება, სხდომის თარიღი კი მხარეებს წინასწარ ეცნობება.  დღეს  საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელზეც ნიკა გვარამიამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.  “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი  ბიძინა ივანიშვილი იყო.  გვარამიამ დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, მეგობრებს და მხარდამჭერებსაც მიმართა. ბრალდებულმა  მათ მოუწოდა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მასთან დაკავშირებით არასდროს არაფერი სთხოვონ.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.