აპირებს თუ არა დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას? | 11.05.2022

აპირებს თუ არა დასავლეთი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას – კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული ოცნების დამფუძნებელს  შვეიცარიულმა ბანკმა ტრანზაქციები შეუფერხა. დღეს კი გაირკვა, რომ საბანკო გადარიცხვების გარდა, ყოფილ პრემიერ მინისტრს ქონების გადაადგილება შეეზღუდა შეერთებულმა  შტატებიდან,  დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან. ინფორმაცია მედიამ  მისი ადვოკატისგან გაიგო.  როგორც ვიქტორ ყიფიანის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული განცხადებიდან  ირკვევა, ივანიშვილმა ვერ შეძლო ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან,  კუთვნილი ხელოვნების ნიმუშების გადაადგილება, გერმანიიდან კი  ახალი ვერტმფრენის გაყვანა. ადვოკატი  შექმნილ შეფერხებებს „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან ბიძინა ივანიშვილის მიმდინარე დავის ფონზე წარმოშობილ საეჭვო ფაქტებს უწოდებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ  არცერთი ეს ფაქტი,  აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია „კრედიტ სუისთან“ კავშირში არ არის. ადვოკატი ამბობს, რომ  დამატებით კომენტარს ამ  საკითხებთან დაკავშირებით ივანიშვილი საგანგებოდ დაგეგმილი პრესკონფერენციების გზით გააკეთებს.

ბიძინა ივანიშვილისთვის შექმნილი ეს ბარიერები, ოპოზიციას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საერთაშორისო პარტნიორები მისი სანქცირებისთვის ემზადებიან. ეჭვს ხელისუფლების ოპონენეტებს “ქართული ოცნების” ლიდერების პანიკური განცხადებებიც უმყარებს.  ამბობენ, რომ მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებში,  ანტიდასავლური  განწყობები იკითხება. ოპოზიციას  საგანგაშოდ მიაჩნია ის ფაქტიც,  ხელისუფლება  მობილიზებულია ოლიგარქი ივანიშივილის ფულის დაცვისათვის.

“ქართული ოცნება” კი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას გამორიცხავს და ფაქტების მიღმა, გარკვეული ძალების კოორდინირებულ მოქმედებას ხედავს.  მმართველ პარტიაში დღესაც თქვეს, რომ  მიზანი  ივანიშივლის პოლიტიკაში დაბრუნება და ქვეყნის ომში ჩართვაა.

“ქართული ოცნების” დამაარსებლი  შვეიცარიული ბანკს  უკვე მეორედ უჩივის. ბიძინა ივანიშვილი  Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ირკევვა, რომ ბანკი ივანიშვილს ტრანზაქციებზე  უარს ეუბნება  და ივანიშვილს რუსეთთან დაკავშირებულ პირად მოიაზრებს.  მომხდარის გამო  “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, უახლოეს მომავალში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციების სერიას გამართავს.  ინფორმაციას ივანიშვილის მიერ დაქირავებული  PR კომპანია ავრცელებს.  კომპანია აცხადებს, რომ ბენეფიციარებს, მათ შორის, ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და მათ წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა.