ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. ხელისუფლების ცვლილებას, რომლითაც სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტი, ალან გაგლოევი გახდა, ჯიმ რიში ეხმაურება. ამერიკელი სენატორი განცხადებას სოციალურ ქსელ twitter-ში ავრცელებს და წერს, რომ გმობს უკანონო არჩევნებს და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მისი განცხადებით, უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურებაც პუტინმა სცადა. სენატორის თქმით, სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რვა მაისს გაიმართა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გახდა. ანატოლი ბიბილოვმა კი დამარცხება აღიარა. რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია “დამოუკიდებელ რესპუბლიკად” აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.