ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან, ყველა ერთ აზრზეა- აუცილებელია ჩემი სტაციონარში გადაყვანა | 09.05.2022

მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე სასამართლო სხდომას ვეღარ ესწრება. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს სოციალური ქსელის საშუალებით.  მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან. მისივე თქმით,  ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია მისი “დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით”.  როგორ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, მისი გადაყვანის ადგილი “ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი.

“ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.  ძალიან მადლობელი ვარ საზოგადოების სოლიდარობის, განვიცდი ბათუმში დაკავებებს. ასევე, მადლობელი ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური მხარდაჭერის. იმედია, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მწვავე დასკვნა 27 აპრილს გაასაჯაროვა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა. თქვეს, რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. ექიმების შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ფონზე  მას ანორექსია განუვითარდა.  სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ვერ ამბობენ, აუცილებელია თუ არა სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ. თუმცა თანხმდებიან იმაზე, რომ არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს.  ექიმები ამბობენ, რომ ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს. ქართული ოცნების რიტორიკაც სწორედ ასეთია. ხელუსუფლება ირწმუნება,რომ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობა  საკუთარი სურვილით გაიუარესა.  სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით კი – საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს  ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც – თუმცა ეს საქართველოში მოხდება.