ოდესაში ჩასულ შარლ მიშელს თავშესაფარში გადასვლა მოუწია | 09.05.2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. მისი ვიზიტის დროს, როდესაც ის  უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა, ოდესის ოლქზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის გამოც მას თავშესაფარში გადასვლა მოუხდა. შარლ მიშელი ქალაქ ოდესაში ევროპის დღის აღსანიშნავად და იმის სანახავად ჩავიდა თუ რა გავლენა მოახდინა რუსეთის აგრესიამ მომარაგების გლობალურ ჯაჭვზე. მას უკრაინის საზღვაო ფლოტის მეთაურმა ზღვიდან გასროლილი რუსული რაკეტების მიერ მიყენებული ზიანის შესახებ მიაწოდა  ინფორმაცია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე საკუთარი თვალით ნახა განადგურებული საცხოვრებელი სახლები და ომის გავლენა სამოქალაქო პირებზე. პრემიერ შმიგალთან გამართული დისკუსია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევიდან ვიდეო ზარის საშუალებით შეუერთდა, ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა – ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო გამოწვევებთან გამკლავება.