საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის” | 05.05.2022

„საქართველო და მოლდოვა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან“ – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ნედ პრაისის თქმით, ამერიკა ერთგულია ამ ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. კითხვაზე, იგეგმება თუ არა ქართულ მხარესთან რაიმე მოლაპარაკება რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და რუსული აგრესიის ფონზე, პრაისმა თქვა, რომ შტატებს აქვს მუდმივი კონტაქტი საქართველოში ამერიკის საელჩოსთან და საკითხზე დისკუსიები გრძელდება.

“საქართველოც და მოლდოვაც, ჩვენი – შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ ერთგული ვართ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის. ჩვენ ვაჩვენეთ ეს ერთგულება მრავალი გზით. რაც შეეხება მოლდოვას,  ჩვენ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ სტრატეგიული დიალოგი ჩვენს მოლდოველ კოლეგებთან. მდივანი ბლინკენი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა კიშინოვში, სადაც მოლდოვის ხელმძღვანელობას შეხვდა. ეს არის პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა ელემენტს. ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ, თანხისა თუ ჰუმანიტარული დახმარების ოდენობით ჩვენს მოლდოველ პარტნიორებს. ჩვენს სამხედროებს ეფექტური პარტნიორობა აქვთ, როგორც უკვე ვთქვი, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და მოლდოვასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ  გვაქვს მუდმივი კონტაქტი საელჩოსთან, რეგიონში მყოფ პარტნიორებთან. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, მაგრამ ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარებაც აჩვენებს ვაშინგტონის პასუხს რუსული აგრესიის ამ საშინელი მაგალითის წინააღმდეგ. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს,” – განაცხადა ნედ პრაისმა.