“საქართველოს მაქსიმალური უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს ომი, ქვეყანა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს” | 05.05.2022

„ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენს მაქსიმალურ უსაფრთხოებას“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მაქსიმალური უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს ომი, ვინაიდან ქვეყანა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს. ზურაბიშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გზა, რომელიც უკვე  რეალობად იქცა. მისივე თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებით, ევროპის ქვეყნებს მეტის გაკეთება შეეძლოთ, თუმცა მოვლენებზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია.

“უკრაინელები ზოგჯერ პარტნიორებისგან უფრო და უფრო მეტს ითხოვენ, არა მხოლოდ საქართველოსგან. მათ უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მისამართით. მათ შორის ბოლოს იყო, როდესაც ბლინკენი ჩადიოდა, რომ არ ჩაეტანა შოკოლადები, არამედ შეიარაღება ჩაეტანა. ასე რომ დიახ, მათ სურთ, მიიღონ შეიარაღება საქართველოსგან, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო მეტად რეალისტურად იქცევა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია. ერთ-ერთი მათგანი საუბრობს რეფერენდუმზე რომ რუსეთს შეუერთდეს. ცხადია, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად საქართველოს დასახმარებლად იმავე გზით, მაგრამ ეს არ ცვლის სოლიდარობის იმ დონეს, რაც ჩვენ გვაქვს.  ჩვენ გვჭირდება თავდაცვითი იარაღი, გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ბევრი სამხედრო წვრთნა, მათ შორის NATO-ს სწავლებები სულ რაღაც ერთი თვის წინ და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აზრით, საქართველო ინტეგრაციის პროცესში, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ამიტომ, ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გაწევრიანება, როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში, რადგან სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენი უსაფრთხოების დაცვას,” – სალომე ზურაბიშვილი.