მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლობა დღეს მისი სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი გახდა | 05.05.2022

მიხეილ სააკაშვილის   დაუსწრებლობა  დღეს მისი სასამართლო სხდომის  დღეს  გადადების საფუძველი გახდა. პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო, თუმცა ადვოკატებს მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ჰქონდათ, რაც მათ საშუალებას აძლევდა სხდომა მის გარეშე ჩატარებულიყო. მოსამართლეს ორი დოკუმენტი წარედგინა, ერთის ავტორი პენიტენციური სამსახური – მეორესი  კი მიხეილ სააკაშვილია. მესამე პრეზიდენტს სურდა პროცესი გამართულიყო და ადვოკატებს შუამდგომლობა წარედგინათ. საუბარია შუმადგომლობაზე, რომლითაც ადვოკატები ითხოვდნენ, სასამართლოს პენიტენციური სამსახურისთვის დაევალებინა, მესამე პრეზიდენტი სათანადო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოს. ბრალდების მხარისთვის დოკუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ სასამართლოს იქამდე გადადება მოითხოვეს, სანამ მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას მოახერხებდა.  მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების სურვილი დააკმაყოფილა და სხდომა გადადებულად  გამოაცხადა. ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

საზღვრის კვეთის საქმეზე გადადებული სასამართლო პროცესი 11 მაისს 12:00 საათზე გაიმართება. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.  საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.