ომის პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის სხვადასხვა სახის დახმარებასა და რუსეთის წინააღმდეგ საქციების დაწესებას განაგრძობს. ნავთობის ემბარგო, ომის დამნაშავე სამხედროები, ტელევიზიები და რუსული ბანკები – ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. ლაიენის თქმით, ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსული ნავთობის იმპორტი ეტაპობრივად გაუქმდება, თუმცა ეს თანმიმდევრული ნაბიჯებით მოხდება. მისივე თქმით, ნედლი ნავთობპროდუქტები ექვს თვეში ამოიწურება და 2022 წლის ბოლოსთვის რაფინირებული პროდუქტებით ჩანაცვლდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკი, Sberbank-ი რომელიც რუსეთის უდიდესი ბანკია და მთლიანი საბანკო სექტორის დაახლოებით 37%-ს მართავს, SWIFT-ის საბანკო სისტემიდან გაითიშება. მისი თქმით, SWIFT-დან გაითიშება 2 სხვა დიდი სახელმწიფო ბანკიც. ამასთან, ევროკავშირში რუსეთის მთავრობის საკუთრებაში მყოფი 3 უმსხვილესი მაუწყებელი გაითიშება.
ევროკომისიამ ასევე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის, პატრიარქი კირილესთვის სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანული გამოცემა Deutsche Welle კი AFP-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ევროკავშირი დამატებით 58 ადამიანს უწესებს სანქციებს, მათ შორისაა რუსეთის სამხედრო სამსახურის წევრები და ასევე კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ცოლი და შვილები.