ლოდინის დრო აღარ არის – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს იწყებს | 04.05.2022

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს იწყებს. პროტესტის პირველი ლოკაცია, ხვალ, მთავრობის ადმინისტრაცია იქნება.  სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება ექსპრეზიდენტის ძმებმა რუსთავის 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გააკეთეს. ამბობენ, რომ ლოდინის დრო აღარ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. სააკაშვილის ძმების ინფორმაციით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

სააკაშვილი ოჯახი რამდენიმე დღეა პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა აუდიენცია ამ დრომდე ვერ შედგა. სანამ ექსპრეზიდენტის ოჯახი საპატრიარქოსგან პასუხს ელოდება, პრემიერის პირად გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის და პატრიარქის შეხვედრის ფოტო მასალა გავრცელდა. პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ილია მეორეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.  განიხილეს თუ არა მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე უცნობია.