მიხეილ სააკაშვილი დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძეს და პარლამენტის სხვა ექიმ დეპუტატებს მიმართავს საპატიმროში შევიდნენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნონ. ექსპრეზიდენტის ეს გზავნილი ციხიდან ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს იწყებს. პროტესტის პირველი ლოკაცია ხვალ მთავრობის ადმინისტრაცია იქნება. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადება ექსპრეზიდენტის ძმებმა რუსთავის 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გააკეთეს. ამბობენ,რომ ლოდინის დრო აღარ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. სააკაშვილის ძმების ინფორმაციით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.
მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი. ომბუდსმენი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვდეს პენიტენციური სამსახურის კომპეტენტურ სამედიცინო წარმომადგენლებს, სახელმწიფო კონსილიუმს, ექიმ-სპეციალისტებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერდა ბრალდებები თითქოსდა ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უკანონოდ გაასაჯაროვეს მიხეილ სააკაშვილი პერსონალური მონაცემები, რაზეც განმარტავენ, რომ პატიმარს გაცემული აქვს თანხმობა სახალხო დამცველისა და მის მიერ უფლებამოსილი პირების მიერ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შევახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი მზადაა ჩაერთოს ნებისმიერი სახის ექსპერტულ განხილვაში, სამინისტრომ დრო ხელოვნურად არ უნდა გააჭიანუროს. პაციენტის მდგომარეობა მიჩნეულია მნიშვნელოვნად გაუარესებულად და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა გადამწყვეტია. სამინისტროს აქვს სამწუხარო გამოცდილება, როდესაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები დროულად არ გაითვალისწინა, რამაც პაციენტის მდგომარება გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად სამინისტრო დროის ფაქტორს ადეკვატურად შეაფასებს და უზრუნველყოფს პაციენტს ხარისხიანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისით,” – საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება.
სააკაშვილი ოჯახი რამდენიმე დღეა პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა აუდიენცია ამ დრომდე ვერ შედგა. სანამ ექსპრეზიდენტის ოჯახი საპატრიარქოსგან პასუხს ელოდება, პრემიერის პირად გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის და პატრიარქის შეხვედრის ფოტო მასალა გავრცელდა. პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ილია მეორეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. განიხილეს თუ არა მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე უცნობია.