ოფიციალური კიევი საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და უკრაინაში მიმდინარე ომზე, ოფიციალური თბილისის პოზიციებს იწუნებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებზე, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე და მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. პოდოლიაკი ივანიშივილს ღიად უწოდებს რუს ოლიგაქს. ამბობს, რომ საქართველო უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს და არ იკავებს ისეთ მკაფიო პოზიციებს როგორიც დასავლეთს და ოფიციალურ ვაშინგტონს აქვთ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებზეც ისაუბრა. კითხვაზე – არსებობს თუ არა მტკიცებულებები რომ რუსეთი საქართველოსთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს სანქციების გევრდის ავლის მიზნით? – მიხაილო პოდოლიაკი პასუხობს რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ინფორმაცია ექნებათ კომპანიებთან დაკავშირებით, მას აუცილებლად გამოაქვეყნებენ.
ოფიციალური კიევის უკმაყოფილებას საქართველოს ხელისუფლების ის გადაწყვეტილება იწვევს, რომლითაც ქართულმა მხარემ უარი თქვა, რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეერთებოდა. ოფიციალური კიევი ასევე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ონფორმაციას ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აქვეყნებს. ქართული მხარე უკრაინისგან მტკიცებულებებს ელოდება.