თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისინი კვლავ მოდიან – ბაიდენი უკრაინის დახმარებაზე | 04.05.2022

“ისტორიამ გვაჩვენა, რომ თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისინი კვლავ მოდიან” – განცხადება  შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ალაბამას შტატში მდებარე, იარაღის მწარმოებელ ქარხანაში ვიზიტისას გააკეთა. ჯო ბაიდენმა  აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები,  ამერიკის სამხედრო დახმარებით, რუს სამხედროებს აბრიყვებენ.  ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ომის დაწყების შემდეგ, შტატებმა და მოკავშირეებმა უკრაინას უსაფრთხოებისთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუგზავნეს. მან უკრაინაში ამერიკის სამხედრო დახმარებას დემოკრატიის დასაცავად “პირდაპირი ინვესტიცია” უწოდა. ქარხანაში, რომელშიც ბაიდენი იმყოფებოდა,  ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს აწარმოებენ, რომლებიც ერთ-ერთია იმ შეიარაღებიდან, რომელსაც ამერიკა უკრაინას აწვდის.

“ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად ცდილობს, დარწმუნდეს, რომ უკრაინელებს, რომლებიც საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან, აქვთ იარაღი, შესაძლებლობები და აღჭურვილობა, რათა დაიცვან თავი პუტინის საზარელი ომისგან. ჩადენილია არაერთი სამხედრო დანაშაული. გასულ კვირას კონგრესს გავუგზავნე დამატებითი ბიუჯეტი, ეს არის გზა იმის სათქმელად, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ფული, რათა შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს იარაღის პირდაპირ გაგზავნა უკრაინაში, თავისუფლების წინა ხაზზე მებრძოლებისთვის და უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. დავრწმუნდით, რომ უკრაინაში აღჭურვილობის მიწოდება არ შეფერხდება. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარტო ჩვენ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გავუგზავნეთ უკრაინას. ეს ფული პირდაპირი ინვესტიციაა თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, რადგან თუ დიქტატორებს არ შეეწინააღმდეგები, ისტორიამ გვაჩვენა, რომ ისინი კვლავ მოდიან და  მათი მადა ძალაუფლებისადმი იზრდება,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები