საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა -„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ | 03.05.2022

საქართველოში  პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა – საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ კვლევის თანახმად, პრესის თავისუფლების კუთხით საქართველო 180 ქვეყნიდან  89-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო  გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით,  29 პუნქტით ჩამოქვეითდა. 2021 წელს საქართველო  მე-60 ადგილს იკავებდა. კვლევაში მოხვდა გასული წლის, 5-6 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ, ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა. საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ  2021 წელს საქართველოში  ჟურნალისტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. აგრესორებს შორის კი  ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან.  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს, რომ ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის ქვეყანაში პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს.

ორგანიზაციის  კვლევის თანახმად, საქართველოში მედიალანდშაფტი მრავალფეროვანია და ამავე დროს, ძლიერ პოლარიზებული.  კვლევაში ნათქვამია, რომ მედიის მფლობელები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხშირად ერევიან. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, ქართული კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიის ფლობას უკრძალავს, თუმცა დიდი მედიების მფლობელებს ხშირად აქვთ მჭიდრო კავშირები პოლიტიკურ ლიდერებთან.

„იგივე ტენდენციაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიაშიც, რომლებიც ექვემდებარება ხელისუფლების ჩარევას, რომელიც მედიის კრიტიკას პასუხობს ცენზურით, დარბევითა და დაშინებით“ – ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო ორგანიზაცია – რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ქვეყნებში პრესის თავისუფლებას პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური და უსაფრთხოების ინდიკატორებით აფასებს.   მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ხუთეულში ნორგვეგია, დანია, შვედეთი, ესტონეთი და ფინეთი არიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები