მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა – კარლ ჰარცელი | 03.05.2022

მმართველი გუნდი ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ მის ხელშია. პარლამენტის თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებს და მომხრეებს კვლავ მოუწოდებს, რომ ის  სამედიცინო მომსახურების მიღებაზე დაითანხმონ. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, რომელიც სააკაშვილის ოჯახმა გუშინ დაანონსა, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრი ღია ცის ქვეშ გამოხატოს.  “ქართულ ოცნებაში” ისევ ამბობენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიზირებულია, როგორც ოჯახის, ასევე მისი გულშემატკივრების და ოპოზიციის მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა.  კარლ ჰარცელის თქმით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

“მე არ მაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის შესახებ პირველწყაროდან, ასევე არ ვარ ექიმი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. მაგრამ შეშფოთებული ვარ ბოლო დროს მიღებული ცნობებით, მათ შორის სამედიცინო ექსპერტებისგან, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.  ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი არის ის, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, არა როგორც პოლიტიკური არჩევანის საკითხზე, არამედ როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების საკითხზე,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

სახალხო დამცველის ექიმების  ჯგუფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესად  აფასებს და მისთვის კომპლექსური სამედიცინო რეაბილიტაციის აუცილობლობაზე საუბრობს. გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ციხის გარემო საშუალებას არ იძლევა, რომ რეაბილიტაციის კურსი სრულად ჩატარდეს. ექიმები ამბობენ, რომ მძიმე ფქისიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს შესაბამის საკვებს. ამ მდგომარეობამ უკვე გამოიწვია მისი სხეულის მიერ ცხიმოვანი მასის სრული ათვისება და კუნთების განლევაა დაწყებული.   მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აქციებს აანონსებს. განმარტავენ,რომ ისინი არ ითხოვენ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას და მათი მოთხოვნა მხოლოდ სასჯელის გადავადება და მისი საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები