„შავი სიები“, ცენზურა – საზმაუდან გათავისუფლებული ჟურნალისტები სამართლებრივ დავას იწყებენ | 02.05.2022

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან  გათავისუფლებული ჟურნალისტების, იმედა დარსალიას, თამთა ჯანაძის და სოფო ზედელაშვილის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  იურისტები დაიცავენ. როგორც დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე  ჟურნალისტებმა თქვეს, არხის ხელმძღვანელობამ ისინი უკანონოდ გაათავისუფლა. მათივე  თქმით, ტელევიზიაში არსებობს ე.წ  შავი სიები, ხშირია ცენზურა  და თემების დაბლოკვის მცდელობები.  როგორც დღეს ჟურნალისტებმა თქვეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი  ცენზურის სიმბოლოდ იქცა, სადაც განსხვავებული აზრი და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მომზადებული გადაცემები მიუღებელია. “საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს” იურისტების შეფასებით,  სამსახურიდან გათავისუფლების სამივე ბრძანება ცალსახად უკანონოა და ჟურნალისტების უფლებებს პირდაპირ არღვევს. გადაცემა ახალი კვირა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეორგანიზაციის მიზეზით  17 თებერვალს დახურა ჟურნალისტები კი სამსახურიდან გაათავისუფლა.