ყველა პრორუს ოლიგარქს დეოლიგარქიზაცია ემუქრება – უკრაინა ივანიშვილისთვის სანქციებს ითხოვს | 29.04.2022

ომში მყოფი ქვეყნის მთავრობა დასავლეთს მოუწოდებს სანქციები ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ ივანიშვილის რუსულ კავშირებზე გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი თვითერის საშუალებით ეხმაურება. პოდოლიაკის თქმით, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა.

25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს  სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს. საუბარში  ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის, ვიზიტს საქართველოში. ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ დავით არახამიამ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ. 27 აპრილს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში, სულ ცოტა, 1 კომპანიას ფლობს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ეკა გიგაურმა განაცხადა, ივანიშვილი 2012-19 წლებში, მინიმუმ, 10 კომპანიას ფლობდა რუსეთში და მისი განცხადებები, თითქოს რუსეთში 2012 წლის შემდეგ  ბიზნესინტერესები არ ჰქონდა, არასწორი და ტყუილი იყო.