კიევი ვაშინგტონისგან შეუზღუდავად მიიღებს დახმარებას ნებისმიერი მოცულობით | 29.04.2022

უკრაინის სამხედრო თუ სხვა სახის დახმარებები ყოველდღიურად იზრდება. 417 ხმით 10-ის წინააღმდეგ  – შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ლენდ ლიზის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, კიევი ვაშინგტონისგან შეუზღუდავად და ყოველგვარი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე მიიღებს იარაღს, ტექნიკას და ჰუმანიტარულ დახმარებას ნებისმიერი მოცულობით. შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად  დაუჭირა მხარი “უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტის” მიღებას. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები. სენატში დამტკიცების შემდეგ, ლენდ ლიზის აქტი კონგრესის ქვედა პალატაშიც მიღებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონის ასამოქმედებლად, მასზე მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა დარჩა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე შტატები უკრაინის ფინანსურ დახმარებას განაგრძობს. ჯო ბაიდენის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ომში მყოფი ქვეყნისთვის 33 მლრდ. დოლარის გამოყოფას გულისხმობს, კონგრესი მზადაა. უკრაინასთან წამოწყებული ომის გამო კონგრესი ასევე, მზადაა რუსი ჩინოვნიკების და ოლიგარქების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფისთვის გუშინ მიმართა.  ფინანსური დახმარება მომდევნო რამდენიმე თვეზე გადანაწილდება. მოთხოვნის თანახმად კი ამ თანხიდან 20 მილიარდ 400 მილიონი  სამხედრო შეიარაღებისთვის, აქედან 6 მილიარდი კი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაიხარჯება. დახმარების პაკეტი ფინანსურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას ითვალისწინებს.

„მოკავშირეებთან ერთად ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსული აგრესია და საიმედოდ დავიცვათ თავისუფლება ევროპაში“ – ასე ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებული შტატების მიერ უკრაინის მხარდაჭერის ახალი, 33 მილიარდიანი დახმარების პაკეტის მომზადებას. ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა  გაეროს გენერალურ მდივანთან მოლაპარაკებებიც შეაჯამა.