გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ – ექსპრეზიდენტის ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის სასწრაფოდ საჭიროებს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევას. თუ მთავრობა მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობის საშუალება არ მისცემს ოჯახი პერმანენტულ აქციებს დაიწყებს. იგეგმება ხელმოწერების შეგროვება და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებიც. მესამე პრეზიდენტის ოჯახი პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას გაერთიანებისკენ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. განცხადება მათ დღეს, რუსთავის ციხესთან გააკეთეს.
ამავე მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დღეს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უფლებადამცველები და ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მოხდეს. როგორც შეხვედრის შემდეგ, პარტიის ოფისში განაცხადეს, დიპლომატიურ კორპუსს აქვს მკაფიო მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
ანორექსია, კუნთების განლევა და ცილოვანი შიმშილი – სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უმძიმესად აფასებს და მისთვის კომპლექსური სამედიცინო რეაბილიტაციის აუცილობლობაზე საუბრობს. გუშინ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ციხის გარემო საშუალებას არ იძლევა, რომ რეაბილიტაციის კურსი სრულად ჩატარდეს. ექიმები ამბობენ, რომ მძიმე ფქისიქოლოგიური მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს შესაბამის საკვებს. ამ მდგომარეობამ უკვე გამოიწვია მისი სხეულის მიერ ცხიმოვანი მასის სრული ათვისება და კუნთების განლევაა დაწყებული.