აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“დაამტკიცა | 28.04.2022

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“დაამტკიცა. დოკუმენტი  საკანონმდებლო დონეზე ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებს. კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა  პალატაში ხელახლა გასულ წელს წარადგინეს. კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან. როგორც  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს,  „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას. კანონპროექტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. დოკუმენტში ასევე  ყურადღება ეთმობა შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.  კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.