სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს | 27.04.2022

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ  განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია,  ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის შესახებ, უწყების სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია.­

“გარკვეული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება მიზანმიმართული, ცილისმწამებლური ინფორმაცია  მსჯავრდებულ მიხეილ  სააკაშვილის შესაძლო მოწამვლისა ან პრეპარატებით ინტოქსიკაციის შესახებ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზებას, მათი პროფესიული საქმიანობის დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას ემსახურება. სპეციალური პენიტენციური სამსახური პასუხისმგებელია თითოეული ბრალდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე.  სააკაშვილს, ამანათი მხოლოდ ერთი დღით არ მიუღია. მისივე თანხმობით, ამანათის მიღებას შეძლებს, ამანათის შეგზავნაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით. ინფორმაციისთვის, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, მიხეილ სააკაშვილს მრავალჯერ აქვს მიღებული ამანათი.  საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ სააკაშვილს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, შეუძლია ყველა იმ საკვები პროდუქტის შეძენა, რომელიც დაწესებულების დებულებით არ იკრძალება, მის კუთვნილ ბარათზე დარიცხული თანხის საშუალებით, ასევე მისთვის, ყოველდღიურად გათვალისწინებულია პატიმრისთვის განსაზღვრული სამჯერადი კვება,” – სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება.