შეიცვლის თუ არა სალომე ზურაბიშვილის პოზიციას და შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს | 26.04.2022

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტს აქვს  უნიკალური შესაძლებლობა, განმუხტოს დაძაბული პოლიტიკური ვითარება, გამოიჩინოს ჰუმანურობა და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები ამბობენ იმისაც,რომ აცილებელია სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

“ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას იზიარებენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა და აუცილებელია ხელისუფლებამ რეალობა გაიაზროს.

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ,რომ ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის კამპანია რეალურად  სასჯელის თავიდან არიდების მცდელობაა.

საჭიროებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას – ამაზე ახლა პასუხი სახალხო დამცველმა უნდა გასცეს. ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას ამზადებს. მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის  საკითხი  აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სააკაშვილი ბოლო   სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა სჭირდება.