საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის გამარჯვება პროტესტის მიზეზი გახდა. პრეზიდენტად მაკრონის ხელმეორედ არჩევა მოსახლეობის ნაწილმა ქუჩაში გააპროტესტა. აქცია სამართალდაცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის ინდორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა.
საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა ხმათა 58% მიიღო, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა კი 42%. მაკრონი უკანასკნელ 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მან ეიფელის კოშკთან შეკრებილ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება.
“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფრანგ მამაკაცსა და ქალს, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა, რათა განვახორციელოთ ჩვენი პროექტი უფრო დამოუკიდებელი საფრანგეთისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის. ეს ახალი ერა არ იქნება იმ ხუთწლიანი ვადის გაგრძელება, რომელიც დასასრულს უახლოვდება, არამედ ახალი მეთოდის კოლექტიური გამოგონება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის უკეთესი სამსახურისთვის მომავალი 5 წლის განმავლობაში. ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დღეს ხმა მომცა არა იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც მე ვატარებ, არამედ ულტრა მემარჯვენეების იდეების დასაბლოკად. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ვიცი, რომ ეს ხმა მომავალ წლებში ვალდებულებას მაკისრებს,” – განაცხადა ემანუელ მაკრონიმ.
ემანუელ მაკრონი მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს. საფრანგეთის პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევა მიულოცა ამერიკელმა კოლეგამ, ასევე უკრაინის პრეზიდენტმა. მაკრონისთვის მილოცვა არ დაიშურა ვლადიმერ პუტინმაც. “გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას”, – ნათქვამია კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, კონტინენტზე არსებული მშფოთვარე პერიოდის ფონზე, ევროკავშირს სჭირდება ევროპული პროექტის ერთგული საფრანგეთი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოუთმენლად ელის ხელახლა არჩეულ პრეზიდენტთან მუშაობას. ემანუელ მაკრონს გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიულოცა.
მარინ ლე პენმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონთან ერთად მონაწილეობდა, მარცხი აღიარა და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. თუმცა ლე პენმა დააანონსა, რომ ივნისში დაგეგმილი საკანონმდებლო არჩევნებისთვის “დიდ ბრძოლას” დაიწყებს.