“დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი იქნება სცენაზე” | 25.04.2022

საომარი მოქმედებების პარალელურად, ცივილიზებული სამყარო კიევის მხარდაჭერას განაგრძობს. ფრონტის ხაზზე, ქვეყნის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი ჩავიდნენ. ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი გვიან ღამით კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის კიდევ 700 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს. თანხის დაახლოებით ნახევარი პირდაპირ უკრაინას გადაეცემა, დანარჩენი კი ნატო-ს წევრებსა და სხვა რეგიონულ მოკავშირეებს შორის გადანაწილდება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სანქციების პოლიტიკას დაეთმო, რომელიც, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და აგრესორზე გავლენის მნიშვნელოვან ელემენტად იქცეს. ამერიკელ პოლიტიკოსებს სჯერათ, რომ უკრაინას რუსეთთან ომის მოგება შეუძლიათ, თუ სათანადო მხარდაჭერა და აღჭურვილობა ექნებათ.

„როცა დემოკრატია იმარჯვებს ერთ ქვეყანაში, ის იმარჯვებს გლობალურად“ – უკრაინის პრეზიდენტი შტატების წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობას უხდის და შეხვედრას შინაარსიანს და ეფექტურს უწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეხვედრისას მათ უკრაინისთვის თავდაცვითი და ფინანსური დახმარების, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილეს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ტირანიას უზარმაზარი ფინანსური რესურსები აქვს ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან, თავისუფლების ფინანსური მხარდაჭერის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.

პრეზიდენტი ზელენსკის გარდა, ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინის მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდნენ. ომის დაწყების დღიდან ეს უკრაინაში შეერთებული შტატების ოფიციალური პირების პირველი ვიზიტი იყო. ამერიკელი პოლიტიკოსები თავდაპირველად პოლონეთში ჩავიდნენ, უკრაინაში კი სახმელეთო გზით გადავიდნენ. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, იქამდე სანამ ბლინკენმა და ოსტინმა კიევი არ დატოვეს.